იმის განსაზღვრა, თუ რა არის თაღლითობა ყოველთვის მარტივი არ არის. ვიკიპედიის განმარტებით ეს არის ადამიანის მოტყუების მცდელობა, პირველ რიგში მისი ნდობის მოპოვებით. მაშინ რა გამოდის, სწრაფი კვების ობიექტები თაღლითური სქემებია? ისინი ხომ მომხმარებლებს ბანერებზე გამოკრული წვნიანი ბურგერებით იზიდავენ, როცა სინამდვილეში ფუნთუშებში ჩამალულ სამარცხვინო ხორცის კატლეტებს ყიდიან. მარკეტინგულ ხრიკებსა და თაღლითობას შორის ზღვარი არც ისე მკაფიოა. ეს მარტივი ჭეშმარიტება ყველა თაღლითმა იცის, ამიტომაც კარგად შეფუთული „მარტივი ფულის“ შეთავაზება წვნიანი ბურგერივით მიმზიდველია.
თაღლითური/პონზის სქემები, ფინანსური პირამიდები – მათ სწორედ ადამიანური სიხარბე, მოწყვლადობა და „მარტივი ფულის“ დაპირებები ამოძრავებს.
„Tesla Media“ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო. ამ ეტაპზე ფინანსურმა პირამიდამ, რომელიც მომხმარებელს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ თანხის გამომუშავებას სთავაზობდა, მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა. პლატფორმაზე დაბლოკილია გადარიცხვები, მომხმარებლებს ჩადებული ათასობით დოლარი უკან ვეღარ გამოაქვთ, უამრავმა ადამიანმა კოლოსალური თანხა დაკარგა.
საქართველოში თემის აქტუალობის გამო გადავწყვიტეთ მოგიყვეთ, როგორ მუშაობს 21-ე საუკუნეში თაღლითური სქემები და როგორ დაიცვათ მათგან თავი.
- პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ „უფასო ფული“ არ არსებობს! „გამოიმუშავე ფული მარტივად“, „გამოიმუშავე ფული სახლიდან გაუსვლელად“, „ჩამოწერე აპლიკაცია და მიიღე ფული საჩუქრად“, „გამოიმუშავე ფული რამდენიმე წუთში“ – თაღლითები მსხვერპლს უჩენენ იმის განცდას, რომ მინიმალური ძალისხმევით/ან და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღებაა შესაძლებელი.
- ფარული იდენტობა. თანამედროვე ტექნოლოგიები თაღლითებისთვის ნამდვილი სამოთხეა, მათაც ასევე სახლიდან გაუსვლელად, მოწყობილობებს ამოფარებულებს შეუძლიათ მიითვისონ თქვენი ფული თუ პირადი ინფორმაცია, ისე, რომ ვერასდროს გაიგებთ მათ ვინაობას.
- კომპლექსურობა. თაღლითური სქემები დღეს ბევრად უფრო დახვეწილი და რთული ამოსაცნობია კლასიკური სქემებისა თუ პირამიდებისგან განსხვავებით. ქვემოთ ნახავთ ყველაზე გავრცელებულ სქემების მაგალითებს ბოლო ათწლეულებში.
იმისათვის, რომ არ გახდეთ ერთ-ერთი ასეთი თაღლითობის მსხვერპლი, ჩაატარეთ საფუძვლიანი წინასწარი კვლევა, დაიცავით თქვენი იდენტობა და ფული.
- სქემა 419 – ნიგერიელი პრინცი
ეს თაღლითური სქემა უკვე ათეულობით წელია არსებობს. აი როგორ მუშაობს ის: თქვენს ელ. ფოსტაზე დაგხვდებათ გულისამაჩუყებელი ისტორია, რომელიც როგორც წესი ერთმანეთისგან განსხვავდება, ხან ნიგერიის პრინცის, ხან მთავრობის წარმომადგენლის, რომლებიც თქვენს საბანკო ანგარიშზე ტრანზაქციის განხორციელებას გთხოვენ, მსუყე ანაზღაურების სანაცვლოდ. ისინი ყოველ ჯერზე მოიფიქრებენ ახალ დაბრკოლებას, რატომ ვერ იღებთ დაპირებულ ფულს, ბოლოს კი გაასუფთავებენ თქვენს საბანკო ანგარიშს.
- ფიშინგი
ძირითადად, თქვენ იღებთ ელ.წერილს, ლეგიტიმური კომპანიისგან ან ბანკისგან, რომლის რეალური მომხმარებელიც ხართ. ეს შეიძლება იყოს ბანკი, რომელშიც გახსნილი გაქვთ ანგარიში ან მაღაზია, სადაც ჩვეულებისამებრ იძენთ პროდუქციას. შეტყობინება შეიცავს ბმულს, რომელზე გადასვლასაც გთხოვთ. ინფორმაციის დასადასტურებლად უნდა შეიყვანოთ თქვენი შესვლის დეტალები: ელ.ფოსტის მისამართი, პაროლი და საბანკო ანგარიშის ნომრები. ფიშინგის თაღლითები ახლა თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ.
- წინასწარი დამტკიცების თაღლითობა
თქვენ მიიღებთ ელ.წერილს, რომელიც გატყობინებთ, რომ წინასწარ დამტკიცებული გაქვთ საკრედიტო ბარათი ან საბანკო სესხი. ეს თაღლითები, როგორც წესი, გვთავაზობენ მიმზიდველ საკრედიტო ლიმიტებსაც. დარეგისტრირებისას მოთხოვნაა წინასწარი საფასურის გადახდა, რომელიც რა თქმა უნდა თაღლითების ჯიბეს ავსებს.
- ყალბი ჩეკი
თაღლითი, რომელიც ჩვეულებრივ შენიღბულია, როგორც დაინტერესებული პირი თქვენი გასაყიდი საქონლის შეძენით, გთავაზობთ ჩეკის მოცემას ან პირდაპირ თქვენს ანგარიშზე თანხის დარიცხვას. მას შემდეგ რაც ჩეკს მიიღებთ ან საბანკო დავალება განხორციელდება მეორე მხარე დაუყონებლივ გთხოვთ საქონლის გაგზავნას, თუმცა მალევე აღმოაჩენთ, რომ ჩეკი სინამდვილეში ყალბია, ტრანზაქცია – გაუქმებული. თაღლითს ახლა აქვს თქვენი გასაყიდი ნივთი და წვდომა საბანკო ანგარიშებზე.
- საინვესტიციო თაღლითობა
რამდენიმე გავრცელებული მარტივი ფულის თაღლითობა მოიცავს ინვესტიციებს. თაღლითი პოზიციონერებს როგორც აქციებით მოვაჭრე ან საინვესტიციო მენეჯერი და გთავაზობთ შესაძლებლობას განახორციელოთ ინვესტიცია. როგორც კი საინვესტიციო ბანკირს აძლევთ თქვენს ფულს ან ინფორმაციას საბანკო ანგარიშზე, ის უბრალოდ ქრება ან/და შემდგომი პერიოდის განმავლობაში ბევრად უფრო მეტი თანხის ჩადებას გთხოვთ, რა თქმა უნდა ამჯერად, უფრო მეტი ფულის შოვნის დაპირებით.ამ თაღლითობის შესახებ დღეს თითქმის ყველამ იცის, თუმცა არსებობს ბევრად უფრო დახვეწილი სქემები, რომელთა დაიდენტიფიცირება გამოცდილ ადამიანებს უჭირთ. საინვესტიციო ბაზრის, კრიპტო ვალუტების, NFT პროდუქტების უამრავი ნაირსახეობა არსებობს, რომლებიც ძლიერ ეკონომიკურ მოდელს გთავაზობენ, მაღალი ამონაგებით და ყალბი სტატისტიკით და ისინი დღითიდღე უფრო კომპლექსური ხდება.
იმისათვის, რომ არ გახდეთ ერთ-ერთი ასეთი თაღლითობის მსხვერპლი, ჩაატარეთ საფუძვლიანი წინასწარი კვლევა, დაიცავით თქვენი იდენტობა და ფული. დარწმუნდით, რომ:
- არ უპასუხოთ მეილებს, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურება.
- არასოდეს გაუზიაროთ პირადი ინფორმაცია უცნობ ადამინებს.
- წინასწარ გამოიკვლიეთ კომპანიები, ელექტრონული ფოსტის მისამართები და ვებგვერდების დომეინები.
- არ გადაურიცხოთ ფული საეჭვო კომპანიებს და უცხო პირებს
- ნუ ენდობით უცხო ადამიანების საინვესტიციო რჩევებს
- რაციონალურად განიხილეთ, არის თუ არა შეთავაზება ზედმეტად კარგი იმისთვის, რომ სიმართლე იყოს.