ტერმინი „ინდუსტრია 4.0“ დიდი ალბათობით აქამდეც გაგონილი გექნებოდათ, თუმცა შეიძლება სრულად არ გაქვთ გაცნობიერებული თუ რა დგას მის უკან. ეს არის მსოფლიო ინდუსტრიული რევოლუციის მეოთხე ფაზა, რომელიც გულისხმობს მოწყობილობებისა და სისტემების ურთიერთკავშირების, ავტომატიზაციის, მანქანური სწავლებისა და რეალურ დროში მიღებული ინფორმაციის საშუალებით, წარმოების პროცესის გარდაქმნას – რევოლუციას. რეალურად, ინდუსტრია 4.0 არის წინა ინდუსტრიული რევოლუციის (ინდუსტრია 3.0) დროს დანერგილი ტექნოლოგიების კიდევ უფრო განვითარება და თანამედროვე XXI საუკუნის ტექნოლოგიებთან ინტეგრაცია.
თუმცა, სანამ დეტალურად გავივლით თუ რას წარმოადგენს ინდუსტრია 4.0, მოკლედ გადავხედოთ წინა ინდუსტრიული რევოლუციების ისტორიას.
მოკლე ისტორია
პირველი ინდუსტრიული რევოლუცია მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში მოხდა. ამ პერიოდში, პირველად მოხერხდა ადამიანის მანუალური სამუშაოს მექანიზაცია, ძირითადად წყლის ან ორთქლის ენერგიის დახმარებით. ზოგადად, როდესაც ინდუსტრიულ რევოლუციაზე საუბრობენ, სწორედ პირველ ინდუსტრიულ რევოლუციას გულისხმობენ ხოლმე. ამ პერიოდში მოხდა პირველად არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური რევოლუციაც.
მეორე ინდუსტრიული რევოლუცია მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა, როდესაც ინდუსტრიამ ქარხნებში ელექტროენერგიის გამოყენება დაიწყო. შედეგად, საწარმოო დაზგები უფრო მობილური, სწრაფი და ეფექტური გახდა. სწორედ მეორე რევოლუციის დროს შეიქმნა კონვეიერული ხაზები, რამაც წარმოუდგენლად გაზარდა წარმოების მასშტაბები.
1950-იანი წლების ბოლოსკენ ნელ-ნელა მესამე ინდუსტრიული რევოლუციაც წამოიწყო. ინდუსტრიამ ელექტრონიკისა და კომპიუტერების გამოყენება დაიწყო წარმოების პროცესში. წლების განმავლობაში, ქარხნებში უფრო და უფრო მცირდებოდა ანალოგური და მექანიკური მოწყობილობები, აქცენტი კეთდებოდა უკვე ციფრულ ტექნოლოგიებზე და ავტომატიზაციის სოფტებზე. დაიწყო რობოტების გამოყენებაც. წლების განმავლობაში კომპიუტერებისა და შესაბამისად, სოფტების გაუმჯობესებამ კიდევ უფრო გაზარდა ინდუსტრიის ეფექტიანობა. ბოლო წლებში შემოვიდა ტერმინები „ინდუსტრია 3.1“, „ინდუსტრია 3.2“ და ა.შ. თუმცა, მიუხედავად ამისა, პრინციპული ცვლილებები არ ხდებოდა.
ბოლო ათწლეულობის განმავლობაში მწიფდებოდა ახალი – მეოთხე რევოლუცია ინდუსტრიაში. ინდუსტრია 4.0 ბოლო წლების ციფრულ ტექნოლოგიებზე შეუდარებლად უფრო დიდი აქცენტს აკეთებს და ამაში მას ე.წ. ნივთების ინტერნეტი (IoT), რეალურ დროში მიღებულ მონაცემებზე წვდომა და კიბერ-ფიზიკური სისტემები ეხმარებიან. ინდუსტრია 4.0 წარმოებაში ერთმანეთთან აკავშირებს ფიზიკურ და ციფრულს ხელსაწყოებს. ეს ყველაფერი სხვადსხვა დეპარტამენტების, ვენდორების, პარტნიორების, პროდუქტისა და ადამიანებს შორის კავშირისა და წვდომის გაუმჯობესებით მიიღწევა.
ინდუსტრია 4.0 ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითები
ინდუსტრია 4.0-ის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგია წარმოების პროცესის „ჭკვიან“ სისტემაზე გადაყვანა. მას შემდეგ, რაც საწარმო დროსა და რესურსებს გამოყოფს თანამედროვე სისტემებისა და გადაწყვეტების დანერგვაზე, მას საშუალება ეძლევა გახდეს „ჭკვიანი საწარმო“. ამ ტრანსფორმაციის შედეგად, საწარმო მთლიანად გარდაქმნის საკუთარი მიწოდების ჯაჭვს და ახდენს მის სრულ ოპტიმიზაციას. ეს დიდწილად IoT-ის (ნივთების ინტერნეტი) დახმარებით ხდება, რომლებსაც წარმოების ყველა ეტაპზე გამოიყენებენ და მათი საშუალებით დიდი რაოდენობის მონაცემები გროვდება. მანქანური სწავლების (machine learning) საშუალებით, ეს მონაცემები გარდაიქმნება მნიშვნელოვან, რელევანტურ ინფორმაციად/ცოდნად, რის საფუძველზეც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება. შედეგად, საწარმოს მუდმივად აქვს რელევანტური ინფორმაცია მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპის შესახებ, რაც მასზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელების საშუალებას იძლევა.
გარდა მიწოდების ჯაჭვის კონტროლისა, მონაცემების დამუშავებით, ბიზნესს შეუძლია აწარმოოს პრედიქტიული ანალიტიკა. ამით, მენეჯმენტს საშუალება აქვს თავიდან აიცილოს ისეთი პრობლემები, რომლის წინასაწარ განსაზღვრა, ახალი ტექნოლოგიების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ამის მარტივი მაგალითია პრედიქტიული მოვლა (predictive maintenance) – IoT ხელსაწყოების საშუალებით ადრეულ ეტაპზე ფიქსირდება საწარმოო აქტივის ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ადამიანმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს (მაგალითად, ინდუსტრიული მაცივარი რეგულარულად, თუმცა ძალიან ნელა კარგავს სიმძლავრეს). შედეგად, საწარმოს ამ ხარვეზის აღმოფხვრა მანამდე შეუძლია სანამ ის პრობლემა გახდება.
საერთო ჯამში, პრედიქტიული ანალიზი მენეჯმენტს საშუალებას აძლევს კითხვები „რა მოხდა?“ ან „რატომ მოხდა?“ ჩაანაცვლოს კითხვებით – „რა მოხდება?“ და „რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად?“.
რა თქმა უნდა, ინდუსტრია 4.0 გულისხმობს ასევე აქტიურ ავტომატიზაცია-რობოტიზაციას. რობოტების გამოყენება ჯერ კიდევ მესამე ინდუსტრიული რევოლუციისას დაიწყეს, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში საწარმოო პროცესების ავტომატიზაციამ და გაციფრულებამ, მისი ეფექტურობა სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანა. IoT აქაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
თუ ფიზიკურმა რობოტებმა ადამიანები კონვეიერის ხაზების რუტინული სამუშაოდან გაათავისუფლეს, პროგრამულმა – RPA რობოტებმა ოფისებში საკუთარ თავზე აიღეს რუტინული და განმეორებითი დავალებების შესრულება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ზოგადად, კომპანიების ციფრული ტრანსფორმაცია ინდუსტრია 4.0-ის განუყოფელი ნაწილია.
თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფის დასადგენად იხილეთ ციფრული სიმწიფის კალკულატორი.
ცხადია, ეს ყველაფერი არ არის წარმოების „ჭკვიან“ სისტემაზე გადაყვანის სარგებლების სრული ჩამონათვალი – ამისთვის ცალკე ბლოგია საჭირო. თუმცა, ზემოთ ხსენებული შესაძლებლობები ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რა სარგებელს მოუტანს ინდუსტრია 4.0-ის ტექნოლოგიები თქვენს საწარმოს.
ზოგადად, ფურცელზე ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ყველა ინოვაცია სასწრაფოდ უნდა დანერგოთ. ახალი ტექნოლოგიების დანერგვამდე სწორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს არამხოლოდ მათ შესაძლებლობებზე, არამედ საკუთარ მოთხოვნილებებზეც და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ისმის კითხვა – როგორ უნდა გაიგოთ, არის თუ არა თქვენი ბიზნესისთვის საჭირო ინდუსტრია 4.0.
არის თუ არა ინდუსტრია 4.0 თქვენთვის?
ბიზნესში ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვა არაა მარტივი პროცესი – ეს მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს, როგორიცაა დრო, ფინანსური კაპიტალი, ადამიანური კაპიტალი და ა.შ. შესაბამისად, სანამ ბიზნესი ასეთი გადაწყვეტილებას მიიღებს, უნდა დაადგინოს, რეალურად ჭირდება თუ არა ამ კომპლექსური პროცესის წამოწყება.
ყველა კომპანია და საწარმო არის უნიკალური და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, თუმცა, არის გარკვეული მოცემულობები, რომელიც ყველა ბიზნესისთვის რელევანტურია. სწორედ ამ მოცემულობების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ:
თუ ამ მოცემულობებიდან უმრავლესობა ემთხვევა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს, დროა დაიწყოთ რესურსების (როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური) მობილიზება ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების დასანერგად. ამის პარალელურად, საჭიროა სანდო ბიზნეს პარტნიორი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პროცესის დაგეგმვაში და განხორციელებაში.