არ ვიცი, გსმენიათ თუ არა წიგნზე ან ფილმზე “მანიბოლი” (Moneyball). ფილმის სიუჟეტი ბეისბოლსა და მენეჯმენტის არაორდინალურ მიდგომებზეა, სადაც არც თუ ისე წარმატებული გუნდის მენეჯერის ბილი ბეინის როლს ბრედ პიტი ასრულებს. ფილმი ნამდვილად კარგი სანახავია ბეისბოლის, ბრედ პიტის ან უბრალოდ კარგი ფილმების მოყვარულთათვის. ჩვენთვის კი საინტერესო იმით არის, რომ ბილი ბეინი მოთამაშეთა შესარჩევად და გუნდის სტრატეგიის შესამუშავებლად არა აგენტებსა და სპორტის ამ სფეროში დაგროვილ გამოცდილებას, არამედ – მონაცემებსა და პრედიქტულ ანალიტიკას იყენებს. რაც მთავარია, ეს “უჩვეულო” მიდგომა გუნდს წარმატებას მოუტანს – “ოკლენდ ათლეტიკსი” გახდება პირველი გუნდი, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში ერთ სეზონში 20 მატჩს ზედიზედ მოიგებს.
“მანიბოლში” მოთხრობილი ისტორია რეალურია და 2002 წელს ხდება. მას შემდეგ მონაცემების შესაძლებლობები განუზომლად გაიზარდა. დღეს, 2020 წელს სამყაროში გაცილებით მეტი მონაცემები იქმნება და ინახება ვიდრე 18 წლის წინ. რაც მთავარია, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, დღეს ამ უზარმაზარი მოცულობის მონაცემების დროულად და ხარისხიანად დამუშავება უკვე შესაძლებელია. ასეთმა პროგრესმა დიდი შესაძლებლობები გააჩინა მრავალ სფეროში და რაღა თქმა უნდა, ბიზნესშიც. დღეს, ჩვენს ბლოგშიც სწორედ მონაცემებით მართულ ბიზნესზე (Data Driven Business) გვინდა, გესაუბროთ.
რა არის მონაცემებით მართული ორგანიზაცია
დღეს ძნელად თუ მოიძებნება კომპანია, რომელიც რაიმე სახის მონაცემს ციფრულად არ აგროვებს. მცირე ზომის კომპანიებში უმეტესწილად საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემების შედეგად დაგროვილი მონაცემები გვხვდება. საშუალო და დიდი კომპანიები კი სულ უფრო ხშირად იყენებენ “საწარმოს რესურსების დასაგეგმ”- ERP სისტემებს, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ქცევაზე დასაკვირვებელ პლატფორმებს. რაღა თქმა უნდა, ეს მონაცემები თაროზე შემოსადებად არ გროვდება, კომპანიები აანალიზებენ მათ და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მრავალ გადაწყვეტილებას იღებენ.
შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს ორგანიზაციები მონაცემებით იმართება? – იშვიათად. მაშ, როგორია მონაცემებით მართული კომპანია? მონაცემებით მართული კომპანიის მრავალი მახასიათებლიდან ჩვენ 5 მთავარი თვისება გამოვყავით და მათზე ქვემოთ მოგითხრობთ.
#1 ორგანიზაციული კულტურა
მონაცემებით მართულ კომპანიაში, პირველ რიგში, მენეჯმენტს ცხადად აქვს გააზრებული მონაცემების და ტექნოლოგიების მნიშვნელობა. მათ სურთ, რომ კომპანიამ ციფრული ტრანსფორმაცია განიცადოს და ამ პროცესის ინიციატორებად, მთავარ სპონსორებად გვევლინებიან. მონაცემები და ანალიტიკა კომპანიის კულტურის ნაწილი მაშინ ხდება, როდესაც ისინი ყოველდღიურად გამოიყენება კლიენტებთან ურთიერთობაში, მომწოდებლებთან ურთიერთობაში, პროდუქტის/სერვისის შექმნასა და მიწოდებაში, პროცესების მართვაში. ასეთი მდგომარეობა კი ვერ მიიღწევა, თუ კომპანიის ყველა იერარქიული და ფუნქციური რგოლი არ აცნობიერებს მონაცემების და ანალიტიკის მნიშვნელობას და ამასთან, თუ მათი გამოყენება ყოველდღიურ ჩვევად არ აქვს ქცეული.
მონაცემებით მართულ კომპანიად ტრანსფორმაცია, ზემოთ აღწერილ მდგომარეობამდე მისვლა რთული და მრავალშრიანი პროცესია. მასთან გამკლავება უფრო მარტივია, როდესაც კომპანიას კონკრეტული გზამკვლევი აქვს. ადრე კომპანიები პირველ რიგში მარკეტინგულ, გაყიდვების, საკადრო სტრატეგიებზე მუშაობდნენ, დღეს კი ბევრი კომპანიის დღის წესრიგის სათავეში მონაცემთა სტრატეგიის შემუშავებას იპოვნით. დღეს კომპანიები ცდილობენ, ნათლად გაიაზრონ და შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებად გაწერონ, როგორ უნდა გადაიქცნენ მონაცემებით მართულ კომპანიად.
#2 მონაცემების შეგროვება და ორგანიზება
მეორე აუცილებელი მახასიათებელია მონაცემების შეგროვება და ორგანიზება თანამედროვე მიდგომებით და ტექნოლოგიებით. კომპანიაში მონაცემები სხვადასხვა სახით და არხით გროვდება, თუმცა ბიზნეს პროცესების გაციფრულების შედეგად მონაცემების დაგროვების წყაროები კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. სააღრიცხვო სისტემები, მომხმარებელთა მართვის პლატფორმები, ვებ გვერდი, ელ.კომერციის პლატფორმა – თითოეული მათგანი მონაცემთა დაგროვების წყაროა. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე საშუალებას გვაძლევს ამ წყაროებიდან დაგროვილ მონაცემებს თავი მოვუყაროთ, სწორად შევინახოთ, გავაანალიზოთ და მათი მეშვეობით უკეთ, უფრო ღრმად შევისწავლოთ ჩვენს კომპანიაში, ბაზარზე მიმდინარე მოვლენები, დავინახოთ “დიდი სურათიც” და უმცირესი დეტალებიც.
#3 მონაცემების დამუშავების და გამოყენების უნარები
მესამე მახასიათებელია ორგანიზაციაში მონაცემების დამუშავების და გამოყენების უნარის არსებობა. მონაცემებით მართულ ორგანიზაციაში ეს უნარი რამდენიმე მიმართულებით იშლება: ორგანიზაციაში არსებობენ უშუალოდ მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ორგანიზების და მართვის მცოდნე ადამიანები – მონაცემთა ინჟინრები, მონაცემთა მეცნიერები, მონაცემთა ანალიტიკოსები. მაგრამ ეს უნარი მხოლოდ ამ კონკრეტულ ადამიანებამდე არ დაიყვანება. მონაცემების გამოყენების უნარი ყველა იმ თანამშრომელს აქვს, რომელიც კომპანიის, მიმართულების, დეპარტამენტის სტრატეგიას გეგმავს და აღასრულებს.
პრაქტიკაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: კომპანიას ჰყავს ანალიტიკური გუნდი, რომელიც მონაცემების შეგროვებაზე, შენახვა – ორგანიზებასა და ანალიტიკურ სისტემაზეა პასუხისმგებელი. ამავდროულად, მაგალითად, მარკეტინგის გუნდის აქვს უნარი, რომელიმე თანამედროვე BI სისტემის (“ფაუერ ბი აი”, “ტაბლო”, “საისენსი”, ა.შ.) გამოყენებით მარკეტინგისთვის საჭირო ინფორმაცია დაამუშაოს. ასევე, მათ იციან, რა პლატფორმებით გროვდება მონაცემები, იციან, თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებით როგორ ხდება მომხმარებლის ქცევის ანალიზი, მათთვის უცხო არ არის ტერმინები: “რეკომენდაციების სისტემა”, “მომხმარებლის კალათის ზომის ანალიზი”, “მომხმარებლის გზის ანალიზი”. ერთი სიტყვით, მონაცემებით მართული კომპანია თითქმის ყველა თანამშრომელში მუდმივად ავითარებს მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.
#4 ანალიტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები
მონაცემებით მართული ორგანიზაციის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელია მონაცემების დამუშავება და ვიზუალიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ჯერ კიდევ ბევრი კომპანია თავის შედეგებს, კონკურენტების თუ მომხმარებლის ქცევას ექსელში შექმნილი ანგარიშგებებით აკვირდება. ამ დროს კი არსებობს ავტომატური ანგარიშგებების ისეთი თანამედროვე ინსტრუმენტები, როგორებიცაა “ფაუერ ბი აი” (Power BI), “საისენსი” (Sisense), “ტაბლო” (Tableau). არსებობს მანქანური სწავლება, რომელიც მოვლენათა პროგნოზირებისთვის გამოიყენება და საკმაოდ წარმატებულად (იმ პირობით, რომ საკმარისი მონაცემი არსებობს). ბიზნეს ანალიტიკის (Business Intelligence) თანამედროვე სისტემებით კომპანიები:
#5 მონაცემების დემოკრატიზება
კომპანია ვერ გახდება მონაცემებით მართული, თუ მონაცემებზე წვდომა მხოლოდ ერთეულ თანამშრომლებს შეუძლიათ. მონაცემების დემოკრატიზება ნიშნავს, რომ “ციფრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საინფორმაციო სისტემების არატექნიკური მომხმარებლისთვის.” მონაცემების დემოკრატიზება გულისხმობს:
მონაცემთა გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა
თანამედროვე კომპანიები კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისთვის სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ მონაცემთა ანალიტიკაში და ამ ინვესტიციიდან მნიშვნელოვან შედეგებსაც იღებენ.
ამას ადასტურებს McKinsey უახლესი 2020 წლის კვლევაც, რომლის თანახმადაც მონაცემებით მართულ ორგანიზაციებს აქვთ მომხმარებლების მოზიდვის 23 – ჯერ მეტი, მათი შენარჩუნების 6-ჯერ მეტი და შემოსავლის გაზრდის 19-ჯერ მეტი შანსი.
როგორც ნათქვამია, კომპანიებისთვის ორი გზა არსებობს – განვითარდეს ან გავიდეს ბაზრიდან (Up or out). წამყვანი კომპანიები როგორებიც არიან Amazon, Netflix, Lenovo, Spotify განვითარებისა და წარმატებისთვის სწორედ ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემებით მართული ბიზნესის სტრატეგიას იყენებენ.
დღევანდელ ცვლილებებით სავსე გარემოში აუცილებელია კომპანიებმა გაიაზრონ ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემების მნიშვნელობა, გადადგან დროული და სწორი ნაბიჯები გადარჩენის, განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.