fbpx
მენიუ
ფულადი გზავნილების რობოტიზაცია – ტერაბანკმა RPA პროცესების რობოტიზაცია დანერგა
ფულადი გზავნილების რობოტიზაცია – ტერაბანკმა RPA პროცესების რობოტიზაცია დანერგა

ტერაბანკი წარმოადგენს პირველ ბანკს საქართველოში, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპზე რობოტიზაციის გამოყენება გადაწყვიტა და ამ მიზნით, BDO Digital-ის პროცესების ეფექტიანობისა და ტრანსფორმაციის გუნდთან ერთად, UI Path-ის RPA რობოტების დანერგვა დაიწყო. ტერაბანკისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა როგორც მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზების, ისე ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისა და რესურსების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენდა პროცესების რობოტიზაცია, რომელიც ბანკმა BDO-ს მხარდაჭერით დანერგა.

პროექტის შედეგები
1
ადამიანური რესურსის დაზოგვა და დახარჯული დროის მაქსიმალური შემცირება

რუტინული საქმის ავტომატიზაციის შედეგად, კომპანიამ დროის სწორად მართვა  დაიწყო. თანამშრომლებმა ის საქმეები, რომელთა შესრულებაც განმეორებით უწევდათ, RPA რობოტებს მიანდეს, საკუთარი რესურსი კი სხვა, ბევრად მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმეს.

2
ოპერაციული შეცდომების რისკის ნულამდე დაყვანა

RPA რობოტების მიერ შესრულებული სამუშაოს სიზუსტემ მექანიკური შეცდომების ალბათობა სრულად გამორიცხა. ამავდროულად, მათ ადამიანური შეცდომებით გამოწვეული რისკებიც დააზღვიეს.

3
მუშაობის პროცესის მაქსიმალური დაჩქარება

პროექტის შედეგად, დაიზოგა როგორც საბანკო პროცესების წარმართვისთვის, ისე შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო დრო. ერთსა და იმავე საქმეს რობოტი, ადამიანთან შედარებით,  4-5 ჯერ სწრაფად აკეთებს.

პროექტის შესახებ

BDO Digital-მა პროექტის დასაწყისში ბანკის ბექ ოფისის საოპერაციო პროცესები დეტალურად შეისწავლა და ის დიდი მოცულობის, განმეორებადი და წესებზე დაფუძნებული პროცესები გამოავლინა, რომელთა დაჩქარება რობოტების დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი და თან ადამიანური შეცდომების დაშვების რისკიც გამოირიცხებოდა. აღმოჩნდა, რომ სწრაფი გზავნილების პროცესის რობოტიზაციით დღეში 15 კაც/საათზე მეტი დროის დაზოგვა იყო შესაძლებელი. ეს კი ბექ ოფისის თანამშრომლების დროს მნიშვნელოვნად გამოათავისუფლებდა.

პროცესები, რომლებიც რობოტით ჩანაცვლდა

პროექტის შედეგად, სწრაფი გზავნილების პროცესში რუტინულ საქმეს, რომელიც ტრანზაქციების გატარებასა და შემდეგ მათ ავტორიზაციას ეხება, მთლიანად RPA რობოტი ასრულებს. ბანკის ბექ ოფისის თანამშრომლები კი მხოლოდ მონიტორინგის ნაწილში ერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ რობოტი საქმეს მონიტორინგის მიმართულებითაც ამარტივებს და ბანკის თანამშრომელს ყოველდღიურად აწვდის რეპორტებს, რომლებშიც გატარებებსა და მათ სრულ ანალიზს აღწერს. ადამიანური შეცდომების დაშვების ალბათობა ამ შემთხვევაშიც გამორიცხულია და საშიშროება, რომ რობოტს გამოგზავნილი რეპორტი გამორჩეს, არ არსებობს.

პროცესის დასაწყისში რობოტი პროგრამაში წინასწარ  დაგეგმილ დროს შედის,  ელექტრონულ ფოსტას ამოწმებს, შესაბამისი რეპორტის ფაილს ხსნის და ყველა ტრანზაქციას იმახსოვრებს. შემდეგ კი იმავე პერიოდისთვის საბანკო პროგრამაში გზავნილების გაგზავნა/განაღდების ისტორიისა და შესაბამისი ანგარიშების ნაშთების შემოწმებას იწყებს. შემოწმების შემდეგ რობოტმა იცის, რომელი პერიოდია გასანაშთი და შესაბამის გატარებებს ასრულებს.

გატარებების დასრულების შემდეგ რობოტი შედეგებს აანალიზებს და ტერა ბანკის თანამშრომელს ელექტრონულ ფოსტაზე შესაბამის შეტყობინებას უგზავნის. თუ ყველა გატარება წარმატებითაა შესრულებული და ნაშთიც განულებულია, RPA რობოტი თანამშრომელს მხოლოდ წარმატებული სტატუსის შესახებ ატყობინებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ნაშთი არ განულებულა, რობოტი რეპორტს წარუმატებელი სტატუსის შესახებ აგენერირებს და შესაძლო ხარვეზებზეც მიუთითებს.

საბოლოოდ, ბანკის თანამშრომელი იღებს მზა რეპორტს, რომელშიც სხვადასხვა სისტემიდან წამოღებული ინფორმაციის ანალიზი და შედეგებია წარმოადგენილი. ეს კი  მას მოსაგვარებელი საკითხის იდენტიფიცირებას მნიშვნელოვნად უმარტივებს.

„ტერაბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც კომპანიაში RPA რობოტები “დაასაქმა”. გვსურდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებისთვის მიგვეღწია, სწორედ ეს იყო BDO Digital-თან თანამშრომლობის მიზანი. უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის პროცესი რობოტების მეშვეობით, მართლაც, საგრძნობლად დაჩქარდა, დაიზოგა როგორც პროცესისთვის, ისე შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო დრო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობოტები ჩვენი ვირტუალური თანამშრომლები გახდნენ და ყველა განმეორებადი, რუტინული და წესებზე დაფუძნებული საქმე შეითავსეს. ჩვენს თანამშრომლებს კი გამოუთავისუფლდათ დრო და რესურსი, რომელსაც ახლა კომპანიისთვის ბევრად მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს უთმობენ“, – აღნიშნავს ტერაბანკის ოპერაციული დირექტორი ვახო ხუციშვილი.

BDO Digital-თან პარტნიორობის ფარგლებში,  ტერაბანკი RPA ტექნოლოგიის გამოყენებას აგრძელებს და სხვა პროცესების ავტომატიზაციასაც გეგმავს.

ფულადი გზავნილების რობოტიზაცია
გაიგეთ მეტი RPA რობოტიზაციის შესახებ
დაგვიტოვე საკონტაქტო
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს