ტერა ბანკი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას განაგრძობს და BDO Digital-თან ერთად პროცესების რობოტიზაციას იწყებს.
ბანკი ოპერაციულ საქმიანობაში RPA რობოტებს BDO Digital – ის გუნდის დახმარებით ჩართავს. ბანკის ბექ ოფისში რობოტიზაციასთან თავსებადობის დიაგნოსტიკა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების განსაზღვრა პროექტის პირველ ეტაპზე მოხდება, მომდევნო ეტაპზე კი კონკრეტულ ოპერაციებში ციფრული რობოტების ინტეგრირება დაიწყება.
რობოტიზაციის პროექტის მიზანია კომპანიაში მოხდეს დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება RPA ტექნოლოგიის გამოყენებით, დაიზოგოს თანამშრომელთა რესურსი და საბოლოო ჯამში გაიზარდოს პროდუქტიულობა.
BDO Digital-ის გუნდი ტერაბანკს დაეხმარება კომპანიაში არსებული პროცესების ანალიზში, ავტომატიზაციის სირთულისა და სარგებლის განსაზღვრაში. ასევე იმ პროცესების გამოვლენაში, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ ავტომატიზაციას და რომლის რობოტიზაციაც ყველაზე უფრო მეტ სარგებელს მოუტანს კომპანიას. დიაგნოსტიკის ეტაპზე გამოვლინდება ყველა ის წესებზე დაფუძნებული და დიდი მოცულობის განმეორებადი პროცესები, სადაც რობოტების დახმარება ააჩქარებს არსებულ პროცესებს და გამორიცხავს ადამიანური შეცდომების დაშვების რისკს.
BDO Digital-ი ქართულ ბაზარს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს და მათ შორისაა პროცესების ოპტიმიზაცია, ტრანსფორმაცია და რობოტიზაციაც. RPA ტექნოლოგიის მიმართულებით კი BDO Digital-ი მსოფლიოში ლიდერი კომპანიის UiPath-ის ოფიციალური პარტნიორია.