fbpx
მენიუ
BDO USA: 2024 წლის პროგნოზები ტექ ინდუსტრიისთვის

გასული წელი ტექ ინდუსტრიისთვის გამოწვევებით სავსე იყო – ეკონომიკური არასტაბილურობა, მაღალი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები – ამ ყველაფერმა ინდუსტრიას მიდგომების გადახედვა აიძულა.

გამოწვევების მიუხედავად, გასაოცარი წინსვლაც ვნახეთ, განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით, რომელმაც ახალo ტექნოლოგიური ეპოქა შექმნა. ცხადია, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.

2023 წლის მიწურულს, ტექ ინდუსტრიის ლიდერები მომავალი წლის გამოწვევებთან ერთად, ახალ შესაძლებლობებსაც აფასებენ. სწორედ ამიტომ BDO USA-მ ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის გამოაქვეყნა 2024 წლის პროგნოზები.

ტექ ინდუსტრია დისტანციურ მუშაობაზე უარს იტყვის

2024 წელს, ტექ კომპანიები დისტანციურ მუშაობასთან მიმართებით მიდგომას შეცვლიან და ოფისში დაბრუნების პოლიტიკას აირჩევენ. ამის მთავარი მიზეზი თანამშრომელთა კოლაბორაციის დაბალი მაჩვენებელია – კომპანიებს სურთ, თანამშრომლებმა უფრო ეფექტიანად იმუშავონ გუნდურობის პრინციპით, რაც მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას და ხარისხს გაზრდის.
უკვე არაერთმა ტექ კომპანიამ განაცხადა, რომ მალე თანამშრომლებს ოფისში დაბრუნება მოუწევთ. ეს ტენდენცია სხვა ინდუსტრიებსაც შეეხო – კომპანიების 90% ამავე აზრზეა და 2024 წლის ბოლომდე თანამშრომლების ოფისში დაბრუნება სურთ.

BDO-ს პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსთვის ტექ ინდუსტრია მინიმუმ მუშაობის ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავა. თანამშრომელს კვირაში 3 ან 4 დღე ოფისში ყოფნა მოუწევს. ეს არ ნიშნავს რომ სრულ განაკვეთიანი დისტანციური მუშაობა მთლიანად გაქრება, ის შენარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც თანამშრომელი სხვა გეოგრაფიულ ლოკაციაზე იმყოფება.

ავტონომიური აგენტი – ტექ ინდუსტრიის ახალი ადმინისტრაციული ასისტენტი

ახალი პროგრამული ჩარჩოების შექმნამ, როგორიცაა Large Language Models (LLM), ბიზნესს უფრო კომპლექსური, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკის საშუალება მისცა. დღევანდელ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უკან სწორედ LLM ტექნოლოგია დგას.

LLM-ის განვითარება ტექ კომპანიებს საშუალებას აძლევს შექმნან ავტონომიური აგენტები, რომლებიც დასახული მიზნების მისაღწევად, საჭირო დავალებებს თავად გაწერენ და შეასრულებენ.

მიმდინარე წელს უკვე ნათლად გამოჩნდა ინვესტორების დაინტერესება ამ ტექნოლოგიის მიმართ. არაერთმა LLM-ზე მომუშავე სტარტაპმა მსხვილი ინვესტიცია მიიზიდა.

თავდაპირველად, ავტონომიური აგენტები მარტივ ადმინისტრაციულ დავალებებს შეასრულებენ, თუმცა, 2024 წლის ბოლოს მოსალოდნელია მათი ჩართულობა უფრო კომპლექსური ამოცანების გადაჭრაში, როგორიცაა პროექტების დაგეგმვა და სოფტების დეველოპმენტი.

გენერაციული AI კომპიუტერულ თამაშებს პრაქტიკულად შეუზღუდავს გახდის

გენერაციული AI კომპიუტერულ თამაშებს განვითარების სრულიად ახალ დონეზე აიყვანს; წინასწარ გაწერილი ჩარჩოების ნაცვლად, თამაშების სიუჟეტები, მოთამაშეების ქცევების შესაბამისად განვითარდებიან.

წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ კომპიუტერულ თამაშს, სადაც არ მოგიწევთ წინასწარ გაწერილი დიალოგებისა თუ სიუჟეტური მოვლენების გავლა, თავად შექმნით პერსონაჟებს, განსაზღვრავთ მათ ხასიათს, პიროვნებას, ქცევებს, ხმას და ა.შ. შედეგად, ნებისმიერი სხვა მოთამაშისგან განსხვავებულ და უნიკალურ გამოცდილებას იღებთ.

ზოგიერთი კომპიუტერული თამაში უკვე იყენებს გენერაციულ AI ტექნოლოგიას, რათა პერსონაჟების ქცევა გააუმჯობესოს, თუმცა 2024 წელს ველით პირველ კომპიუტერულ თამაშს, სადაც სიუჟეტი მთლიანად AI-ის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განვითარდება. 2025 წელს კი, Generative AI-ის საშუალებით შექმნილი თამაშების ბაზარი იფეთქებს.

დაივიწყეთ Password-ები და გაიცანით Passkey-ები

უფრო და უფრო მეტი IT პროფესიონალი ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის მიდგომების გამკაცრებას ემხრობა. IT სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა 41% პიროვნების ავთენტიფიკაციის უპაროლო, თუმცა უფრო უსაფრთხო საშუალების დანერგვას გეგმავს. ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, კომპანიები Password-ებს Passkey-ებით ჩანაცვლებას დაიწყებენ.
პაროლების მინუსები ყველასთვის ცნობილია – გამოსაცნობად მარტივია, მოწყვლადია brute-force შეტევებისა და phishing-ის მიმართ. Passkey-ები, პაროლებთან შედარებით, უფრო დაცულია, რადგან მოითხოვს დადასტურებას როგორც ინფორმაციის გამგზავნისგან, ასევე მიმღებისგან. დადასტურება ხდება PIN კოდების, ბიომეტრიული მონაცემების, დაცული მოწყობილობებისა ან/და Bluetooth-ის მეშვეობით.

მომავალ წელს ვენდორების უმეტესობა Passkey-ების ინტეგრაციას დაიწყებს. მართალია ზოგიერთი კომპანია შედარებით მეტ ხანს შეინარჩუნებს პაროლების მხარდაჭერას, თუმცა, ჩვენი მოლოდინით, ჯანდაცვის სექტორი 2024 წელს თითქმის მთლიანად გადავა Passkey-ების სტანდარტზე, რათა უკეთ დაიცვას პირადი მონაცემები.

ტექ ინდუსტრიაში თანამშრომელთა შემცირებები გაგრძელდება

ყველას იმედი ჰქონდა, რომ ტექ ინდუსტრიაში თანამშრომელთა შემცირების ტალღები შეწყდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ ეს პროცესი 2024 წელსაც გაგრძელდება.

ბევრი ტექ კომპანია, ინვესტიციებისა და კაპიტალის მოსაზიდად, კერძო საინვესტიციო კომპანიების (PE) მმართველობის ქვეშ მოექცევა, რომლებიც ხარჯების შემცირებას და ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლას მოითხოვენ. ეს 2023 წლის ტრენდის გაგრძელებაა, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს დათხოვნების ახალ ტალღებს.

შემცირებები ასევე მოსალოდნელია ტელეკომუნიკაციების სექტორში, ხარჯების შემცირებისა და ვალების რეფინანსირების მიზნით.
საბედნიეროდ, მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციის შემდეგ შემცირებები შეჩერდება.

ტექ ინდუსტრია ტეხასში ახალ სილიკონის ველს შექმნის

ტექ ინდუსტრია ტეხასში ახალ სილიკონის ველს ქმნის, რაც შტატის მოქნილი საგადასახადო პოლიტიკის შედეგია. ასევე მნიშვნელოვანია პროფესიონალთა მასშტაბური მიგრაცია ტეხასის შტატში, სადაც საყოფაცხოვრებო ხარჯები შედარებით დაბალია.
BDO-ს პროგნოზით, უახლოეს წლებში ტეხასი დიდ ტექნოლოგიურ ჰაბად გადაიქცევა.

გენერაციული AI კიბერშეტევებითაც გამოიჩენს თავს

ტექ ინდუსტრია კიბერშეტევების ობიექტი ყოველთვის იყო, თუმცა, მომავალ წელს ეს საფრთხე კიდევ გაიზარდება, დიდწილად გენერაციული AI-ის გამო.

ხელოვნური ინტელექტი კიბერ კრიმინალებს უფრო რთული და მასშტაბური შეტევების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, კომპანიები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დანერგვისას კიბერუსაფრთხოებას უგულებელყოფენ, მაღალი რისკის ქვეშ დადგებიან.

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის (NCSC) აზრით, AI მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კიბერ გარემოზე მომავალი ხუთი წლის განმავლობაში.

2024 წელს, ველით AI-ის დახმარებით განხორციელებული შეტევების გახშირებას. ჩვენივე პროგნოზით, ამ შეტევების დიდი ნაწილი მიმართული იქნება ჯანდაცვის სექტორზე, რომელიც ყოველთვის იყო კიბერ კრიმინალების სამიზნე, პერსონალური მონაცემების მაღალი კონცენტრაციის გამო.

ტექ ინდუსტრიაში შერწყმისა და შეძენის შეთანხმებები 2024 ნელს ნელი ტემპით გაგრძელდება

არამდგრადი ეკონომიკის პირობებში, კომპანიებს M&A – შერწყმისა და შეძენის შეთანხმებების დადება გაუჭირდებათ. ინვესტორები კონტრაქტებისა და მისი პირობების დამუშავებაზე დიდ დროს დახარჯავენ და მეტ სიფრთხილესაც გამოიჩენენ, რაც პროცესს შეანელებს. ოპტიმისტური სცენარით, 2024 წლის შუაში, ეკონომიკა დასტაბილურდება და M&A შეთანხმებებიც მოიმატებს, თუმცა, უფრო რეალისტურად მიგვაჩნია, რომ ეს 2025 წლის დასაწყისში მოხდეს.

ტექ ინდუსტრიის X ფაქტორი? კვანტური კომპიუტერი

კვანტურ კომპიუტერებს ინოვაციების ტემპის გეომეტრიული პროგრესიით დაჩქარების პოტენციალი გააჩნიათ. მათ შეუძლიათ წუთებში განახორციელონ კალკულაციების ის რაოდენობა, რასაც დღეს არსებული ყველაზე ძლიერი კომპიუტერები წლებს მოანდომებენ.
კვანტური კომპიუტერის დახმარებით, მკვლევარებს შეუძლიათ დაგეგმონ კომპლექსური კლინიკური ცდები და მოლეკულარული სიზუსტით დაადგინონ შესაძლო შედეგები. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს წამლების შექმნის დროს.

კვანტური კომპიუტერის გამოყენება შეიძლება ისეთი პრობლემების გადასაჭრელადაც, როგორებიცაა კიბოს მკურნალობა და სუფთა ენერგიის მასიური გამომუშავება. გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი კვანტური კომპიუტერის შექმნა ძალიან რთული პროცესია და ამავე დროს, არსებული კომპიუტერები მყიფენი არიან – უმცირესმა ცვლილებამ გარემო პირობებში ისინი შეიძლება მომენტალურად მწყობრიდან გამოიყვანოს.

დღეისთვის, კვანტური კომპიუტერი არც პრაქტიკულია და არც ხელმისაწვდომი და მისი გამოყენების არეალი შეზღუდულია. თუმცა, როდესაც ისინი უფრო პრაქტიკულები და მოქნილები გახდებიან, არამხოლოდ ტექ ინდუსტრიის, არამედ მთელი მსოფლიოს შეცვლას შეძლებენ.

ნახე მსგავსი სტატიები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სენსიტიურ მონაცემთა უსაფრთხოება კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცა ჯანდაცვის სექტორში. პაციენტების პირად და ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერებზე არაავტორიზებული წვდომა დიდი რისკის ქვეშ აყენებს კლინიკებს. სწორედ ამიტომ, სამედიცინო სექტორში მონაცემთა კონფიდენციალურობა ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, განსაკუთრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გამკაცრების შემდეგ. ბლოგში ვისაუბრებთ...
2 მაისი
BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით...
27 მარტი
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის განახლებული კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ. კანონი ვრცელდება ყველა ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც ჩართულია დიდი მოცულობის პირადი ინფორმაციის მოპოვებაში, შენახვასა და დამუშავებაში. დამატებით ვალდებულებებს შორის მნიშვნელოვან სიახლეს...
21 თებერვალი