ყველამ, ვინც ჩართულია სადაზღვევო სფეროს ძირითად პროცესებში, როგორებიცაა – რისკების შეფასება, პოლისების მენეჯმენტი, საჩივრების რეგისტრაცია, პოლისის გაცემა ან თუნდაც თვის ბოლოს ანგარიშგება – იცის, თუ რა მოცულობის საქმეს და რა რაოდენობის მონაცემების დამუშავება უწევთ კომპანიის თანამშრომლებს. სწორედ რომ, რუტინული და დიდი მოცულობის, განმეორებადი სამუშაოს შესრულების გამო სადაზღვევო სექტორი გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელშიც კომპანიებმა პროცესების რობოტიზაციის (RPA) გამოყენება დაიწყეს.
მართალია, RPA ჯერ კიდევ ახალი ტექნოლოგიაა, თუმცა Gartner-ის შეფასებით RPA და ჰიპერავტომატიზაცია მომავალი 5 წლის მნიშვნელოვანი ტრენდი იქნება. მსოფლიო მასშტაბით კომპანიების 72 % -მა უკვე დაიწყო, ან მიმდინარე წლის პერიოდში გეგმავს RPA ტექნოლოგიების გამოყენებას ბიზნეს პროცესებში. მათ რიგებში კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, მსოფლიოს წამყვანი სადაზღვეო კომპანიები არიან.
ამ ინდუსტრიაში რობოტებმა სრულად შეითავსეს კომპანიის განმეორებადი და წესებზე დაფუძნებული პროცესები, რამაც საშუალება მისცა სადაზღვევო ბიზნესს გამოეთავისუფლებინა თანამშრომლების დრო, გაეზარდა შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხიც.
RPA-ის ევოლუცია სადაზღვევო ინდუსტრიაში
თავდაპირველად, სადაზღვევო კომპანიებმა RPA რობოტები გამოიყენეს დიდი მოცულობის, არაკომპლექსური პროცესებისთვის, რომლებიც გულისხმობდა ბაზებში მონაცემთა ხელით შეყვანას, მოძიებასა და შეგროვებას. McKinsey-ის კვლევის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებში თანამშრომელთა დროის 50% სწორედ მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე იხარჯებოდა.
სადაზღვევო კომპანიებმა, რომლებმაც RPA ტექნოლოგია მონაცემების შეგროვება დამუშავების პროცესებისთვის გამოიყენეს, ძალიან მცირე დროში მოახერხეს ხარჯების შემცირება და პროდუქტიულობის გაზრდა.
ამის შემდეგ სადაზღვევო კომპანიებმა რობოტები ბევრ პროცესში ჩართეს შედეგად კი:
RPA რობოტების გამოყენებით ავტომატიზაციის პოტენციალი განსხვავდება პროცესების მიხედვით, თუმცა რობოტების დახმარებით მნიშვნელოვანი რესურსის დაზოგვა თითქმის ყველა პროცესში არის შესაძლებელი. ქვემოთ ნაჩვენებ ცხრილში შეგიძლიათ სწორედ ასეთ პროცესებსა და მათი ავტომატიზაციის პოტენციალს გაეცნოთ.
RPA რობოტების გამოყენების მაგალითები სადაზღვევო კომპანიაში
პროცესების რობოტიზაცია RPA სადაზღვევო ინდუსტრიაში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გავრცელდა. ორგანიზაციებისთვის პროცესების რობოტიზაცია გახდა რთული პროცესების მარტივად გადაწყვეტის გზა. მაღალი დონის ავტომატიზაცია სადაზღვევო კომპანიებს საშუალებას აძლევს სწორად გადაანაწილონ თავიანთი რესურსები და გაზარდონ კომპანიის ეფექტიანობა.
უფრო დეტალურად, ქვემოთ გამოვყავით რამდენიმე პროცესი დაზღვევაში სადაც RPA -ის გამოყენება ყველაზე ეფექტიანია:
სადაზღვევო შემთხვევების/მოთხოვნების რეგისტრაცია და დამუშავება
RPA რობოტები არეგისტრირებენ როგორც კლიენტებს, ასევე მათთვის სასურველ პროდუქტებს. (მაგ. სხვადასხვა წყაროდან შემოსულ ინფორმაციებს, როგორებიცაა: ელფოსტით გამოგზავნილი განცხადება, ვებ-დან მიღებული განცხადება და ა.შ.) რობოტებს შეუძლია შეაგროვოს ყველა საჭირო ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ და მიაწოდოს სადაზღვევო აგენტს, როდესაც ეს კონკრეტული მომხმარებელი დაუკავშირდება ქოლ ცენტრს. ავტომატიზაცია კომპანიებისთვის ამარტივებს და აჩქარებს საჭირო გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
პოლისების მართვა, შემთხვევების პოლისებთან შესაბამისობის კონტროლი
რობოტები შემთხვევების დარეგისტრირების გარდა ლაივ რეჟიმში ამოწმებენ მათ შესაბამისობას პოლისებთან. შეუსაბამობის შემთხვევაში RPA რობოტები წინასწარ აფრთხილებენ სადაზღვევო აგენტს, რაც სრულად აზღვევს კომპანიას შეცდომების დაშვებისა და არაეფექტურობისგან. შესაბამისობის კონტროლი არ საჭიროებს თანამშრომლების ჩართულობას და ის 100% -ით ავტომატიზირებულია.
Underwriting-ის ფარგლებში ინფორმაციების მოძიება, გადამოწმება, რისკების შეფასება, ფასების და პოლისების მისადაგება
რისკების მართვის (Underwriting) პროცესში RPA რობოტები უზრუნველყოფენ პროცესის სრულ ციკლს. გარდა იმისა, რომ ამოწმებენ ბაზებიდან მოძიებული ინფორმაციების სიზუსტეს, აფასებენ თითოეული მომხმარებლის პოლისის დოკუმენტებს ფასებთან მიმართებით. ამასთან, ამოწმებენ მონაცემთა ბაზების ინტეგრაციის პროცესს სხვადასხვა სისტემებსა და აპლიკაციებს შორის. მაგალითად ექსელიდან დაზღვევის პორტალზე, ან ERP-ში. რაც საბოლოოდ ზოგავს ხარჯებს კომპანიაში და ზრდის ეფექტიანობას.
რეგულაციებთან შესაბამისობა
რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნა გულისხმობს საქმეების ჯეროვნად, წესების სრული დაცვითა და შეუცდომლად კეთებას, რაც RPA ტექნოლოგიისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. ავტომატიზაცია შესაძლებელია, როგორც შიდა ისე გარე რეგულაციებთან მიმართებით. შიდა რეგულაციები მოიაზრებს, შიდა პოლიტიკასთან, პოლისებსა და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტებთან/წესებთან შესატყვისობას. ხოლო გარეში მოიაზრება მარეგულირებელი სტრუქტურების და ორგანოების მაგ.: insurance.gov.ge და insurance.org.ge მიერ შემუშავებული პირობები, რომლებიც ითხოვს სტანდარტული ფორმების/რეპორტების წარდგენასა და წესებთან სრულ თანხვედრას.
ჩატბოტებთან ინტეგრაცია
RPA რობოტები არა მხოლოდ ადამიანებს არამედ ჩატბოტებსაც ეხმარებიან. ინტეგრაციის შედეგად, რობოტებს შეუძლიათ ჩატბოტების მოთხოვნების დამუშავება. რობოტის მიერ შესრულებული თითოეული დავალება კონტროლდება და აღირიცხება თითოეულ ეტაპზე, რაც სრულად აღმოფხვრის შეცდომის დაშვების ალბათობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობა და გამოვლენილი გამონაკლისები. ეფექტური აუდიტის უზრუნველყოფის გარდა, რობოტებს შეუძლიათ ლაივ რეჟიმში აწარმოონ მონაცემთა მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა შესაბამისობა.
RPA ტექნოლოგიის განვითარების შემდეგი ეტაპები
სადაზღვევო კომპანიები ახლა განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან. ისინი ცდილობენ RPA გააერთიანონ ხელოვნურ ინტელექტთან (AI) და მანქანურ სწავლებასთან (ML), რათა პროცესების ავტომატიზაციის დონე მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. ინტელექტუალური ავტომატიზაციის საშუალებით, პროგრამული რობოტიდან შეგროვებული ანალიტიკური მონაცემები გამოიყენება პროცესების ხელახალი ინჟინერიისთვის სრულიად ახალი გზით. ის იძლევა ინოვაციის ახალ დონეს, როგორც პროდუქტის განვითარების, ასევე მომსახურების გაწევის კუთხით.